|


სანამ თეკუნა გაჩეჩილაძე გაიგებდა, თუ რა არის მაღალი სამზარეულო, ბევრი სხვა თბილისელი გოგონასავით ისიც შინ ათასნაირ კერძზე ჩატარებული ექსპერიმენტით ერთობოდა და ამ კერძებით 90-იანი წლების ნაცრისფერ თბილისში მეგობრებისთვის პატარა შინაურულ დღესასწაულებს აწყობდა. დღეს ის პროფესიონალი შეფ-მზარეულია და სულ სხვა დონის ესქპერიმენტებით არის დაკავებული: მისი გატაცება - მოლეკულური სამზარეულო გახლავთ. მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ გატაცებაა, რომელსაც მოგვიანებით ალბათ თბილისური პუბლიკაც გაუგებს გემოს. მანამდე კი ეწვიეთ რესტორან `ვონგს, რომლის აზიური სამზარეულოც გაგიხსნით კარს ახალ სამყაროში, სადაც მოშლილია საზღვრები და ძალას კარგავს ნიუტონის მიზიდულობის კანონი.
თეკუნა გაჩეჩილაძე:
ვონგის სამზარეულო წარმოადგენს მიქსს ე.წ. ფიუჟენს. ჩვენ გთავაზობთ ტაილანდურ, ვიეტნამურ და ჩინურ კერძებს, მორგებულს ევროპულ გემოზე. მე პირადად ძალიან მიყვარს ვიეტნამური სპრინგროლები – ეს არის ბრინჯის ფირფიტაში გახვეული ორაგული, თინუსი ან ბოსტნეული. უმეტესად, სოიოს სოუსთან ერთად მიირთმევენ. ის სასიამოვნოდ, ჯანსაღად და მსუბუქად დაგანაყრებთ.
პროფესიულ სამზარეულოში პირველად, გერმანიაში აღმოვჩნდი. მაშინ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და პარალელურად რესტორანში ვმუშაობდი. ამ საქმემ ისე გამიტაცა, გადავწყვიტე, კიდევ ერთ პროფესიას დავუფლებოდი და ნიუ-იორკის კულინარიის აკადემია დავამთავრე.
კულინარიაში ყველაზე მეტად, თავიდანვე, მუდმივი ძიება და სიახლე მიზიდავდა. ახალი გემო და ახალი სურნელი სასურველია, ადგილზევე ნახო და გაიცნო, ამიტომ მზარეულებს ვურჩევ, ბევრი იმოგზაურონ. ვიეტნამელი ქალის მომზადებული წვნიანის გემოს აღდგენა, ზუსტი ასლის გამეორება თბილისში ან თუნდაც ნიუ-იორკში შეუძლებელია: პროდუქტები, მათ შორის ყველაზე მძაფრი სანელებლებიც კი ტრანსპორტირებისას გემოსა და არომატს იცვლის. სამაგიეროდ უცვლელი რჩება ემოცია, რომელსაც ნამდვილი კულინარი ახალი გემოს აღმოჩენისას განიცდის. კერძის მზადებისას ვცდილობ გავიხსენო განწყობა და არა ინგრედიენტების ზუსტი ჩამონათვალი. როგორც მუსიკოსი, რომელიც მოისმენს და მერე სმენით დაუკრავს მელოდიას, მზარეულიც -თუ კარგი მზარეულია! - მხოლოდ გასინჯავს და შემდეგ ყოველგვარი რეცეპტის გარეშე აღადგენს კერძს.
|